ახალი ამბები
სენაკში ყველის საწარმო გაქურდეს
სენაკში რძის პროდუქტების საწარმო „შურობუმუ“ გაქურდეს. საწარმოს დირექტორმა ნონა ქადარიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შენობიდან წაიღეს ტექნიკის ნაწილი. რისი წაღებაც ვერ მოახერხეს, ადგილზე გაანადგურეს. ნონა ქადარიას განცხადებითვე, ზარალი 20 ათას ლარს აღემატება.

„20 ათასი ლარის არის ის, რაც წაღებულია და უფრო მეტია, რაც ადგილზეა განადგურებული. საწარმო რა თქმა უნდა ჯერ ვერ მუშაობს. ლაბორატორია ფაქტიურად წაღებულია, ანუ ლაბორატორიული აპარატი, რძის გადასაქაჩი მოწყობილობები, მაცივარი, გაფუჭებულია კვების ბლოკი... ფაქტიურად ყველაფერს თავიდან სჭირდება მონტაჟი“, - აცხადებს ნონა ქადარია.

შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა. ქადარიას სიტყვებით, გამოძიება მიმდინარეობს და უკვე დაიკითხა რამდენიმე თანამშრომელი.

კოოპერატივი „შურობუმუ“ 2016 წელს დაფუძნდა, რძის პროდუქტების წარმოება კი 2018 წელს დაიწყო.