ახალი ამბები
საკრებულოში აპროტესტებენ ყინულის მოედნის ტერიტორიის შესაძლო გაყიდვას [ფოტო]
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეთა ნაწილი ყინულის მოედნის ტერიტორიის საპრივატიზაციოდ გატანის საკითხს აპროტესტებს, რომელიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. სდომათა დარბაზში ორი სხვადასხვა ჯგუფის აქცია მიმდინარეობს ერთი მოთხოვნით - არ გაიყიდოს ტერიტორია.

აქციას მართავენ, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ისე სამოქალაქო აქტივისტები. საკრებულოს სხდომაზე მივიდა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით - „m²-ს“ + გეგა = კორუფციას“, „მატყუარა გეგა“, „თვითმმართველობა ზუგდიდელების დაკვეთას ასრულებთ?“ და „არ ვყიდი“.

ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიამ 6 ივნისის სხდომაზე ყინულის მოედნის ტერიტორიის საპრივატიზაციოდ გატანაზე იმსჯელა. საუბარია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც კომპანია „m²-ს“ სასტუმროს აშენება სურს.

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მერია 8964 კვადრატული მეტრი მიწის ფართობს 8 მილიონი დოლარის, ეკვივალენტი ლარი აფასებს. მიწის გაყიდვიდან 6 თვის ვადაში მერია უზრუნველყოფს ყინულის მოედნის დემონტაჟს. შემძენი კი სასტუმროს მშენებლობას დაასრულებს ნებართვის გაცემიდან და ნაგებობების დემონტაჟიდან 30 თვის ვადაში.

სკეიტ პარკის მიმდებარედ, ყინულის მოედნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ადგილობრივი ხელისუფლება თანახმაა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ოპოზიცია საკითხს აპროტესტებს. უკმაყოფილება მათ აქციებზეც დააფიქსირეს. საკითხზე იმსჯელეს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზეც.

იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერული კომპანია „m²“ შეიძენს მიწის ნაკვეთს, ირწმუნება, რომ სასტუმროს გარე ტერიტორია საჯარო იქნება. ისინი იღებენ ვალდებულებას, სასტუმროს აშენების პარალელურად, ყინულის მოედანი საკუთარი ხარჯებით სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ. ასევე, სასტუმროს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი მოაწესრიგოს და ქალაქის სხვა უბანში პროფსასწავლებელი ააშენოს.