ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტებმა სახკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ ყინულის მოედნის ტერიტორიის შესაძლო გაყიდვას. შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი.

სხდომაზე საპროტესტო პლაკატებით მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია ხელისუფლებისთვის არ არის საინტერესო და მათ არავინ უსმენს.

ზუგდიდის მცხოვრებმა მარიკა თოდუამ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს:

"ჩვენ თქვენ გაცლით და თქვენ ჩვენ არასდროს არ გვაცლით. მოგვისმინეთ მოქალაქეებს ერთხელ მაინც. ამოვიდა ყელში. თქვენ თქვით, რომ იქნებოდა საკითხის განხილვა. მაგრამ დღეს აქ გამოიტანეთ", - აღნიშნა მან.

"სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელ როსტომ ზარანდიას თქმით, ხელისუფლებამ საკითხის განსახილველად "ბოტაფორული შეხვედრა" გამართა, სადაც ძირითადად "კოლექტიურ მლიქვნელ-მავნებლები" მიიყვანეს, მოქალაქეებს კი არ დაუძახეს.

"აზრი არ გიკითხავთ მოქალაქეებისთვის. უჩემოდ რატომ ასხვისებთ?", - აღნიშნა მან.

განმარტა, რომ მშენებლობის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ საჯარო განხილვებს ითხოვენ:

"მივხვდით, რომ აზრი არ აქვს ჩვენს აქ ყოფნას. ყველაფერი მაინ "გეჭოფ წიე ხეს" პრინციპით გადაწყდება".

ტერიტორიის გაყიდვის წინააღმდეგია ოპოზიციაც. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძის განცხადებით, ახლადარჩეულმა მერმა პირველივე გადაწყვეტილება კორუფციული შინაარსის მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ამბობდა, საკითხი ზუგდიდელებთან შეთანხმების გარეშე არ გადაწყდებოდა.

მისივე განმარტებით, გაუგებარია, ქალაქის განვითარების რომელ გეგმას შეესაბამება ეს გადაწყვეტილება, რადგან რეალურად გეგმა არც არსებობს. წითლიძისვე თქმით, ამას გარდა, დარღვეულია ყველანაირი საბაზრო ეკონომიკის კონკურენტუნარიან ბიზნეს გარემოს პრინციპები.

საკრებულოს თავმდჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, ეს ტერიტორია მათთვის სულერთი ნამდვილად არ არის და ის რეალურად ხელს სწორედ მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს. ერთის მხრივ დასაქმებას, მეორეს მხრივ კი ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

"როცა ზუგდიდში ცნობილი ბრენდი შემოვა, ეს იქნება სიგნალი სხვა კომპანიებისთვის, რომ აქ საინვესტიციო დაბანდებები არის ეფექტური", - განმარტა მან.

რაც შეეხება "მ²-ს", მამუკა წოწერიას თქმით, ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი, თუმცა არ გამორიცხავს, დიდი ალბათობით , რადგან გამოხატა "მ²-მა" საინვესტიციო ინტერესი, აუქციონში გამარჯვებული სწორედ ის გახდეს. მაგრამ მან ასევე არ გამორიცხა სხვა პრეტედენტის მონაწილეობის ალბათობაც.

საკრებულოში ეკონომიკის და ურბანულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში კახა ბენდუქიძეს, ყოველგვარი პირობების და ვალდებულებების გარეშეშე, ქალაქის ცენრში 19 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცეს, სადაც დღეს ნაგავსაყრელია. სამაგიეროდ, მისივე განმარტებით, ისინი ყუინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიას ვალდებულებებით და განვითარების წინაპირობით ასხვისებენ, რაც ოპოზიციისთვის მტკივნეულია.

"მტკივნეულია, რადგან ის ხმები, რაც არჩევნებზე აიღეთ, ვერ აიღებთ მომავალში", - განმარტა მან.