ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულება გადაუვადდა
მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესრულება 6 თვით გადაუვადა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„პორტის პროექტი რომ პრიორიტეტულია, არაერთხელ გვაქვს გაცხადებული. არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება, მათ შორის იმ გადავადებების სახით, რაც იყო სწორედ ინვესტორისთვის, რომ მოეზიდა დაფინანსება. ბოლოს, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ვადა, რომელიც ბოლო გადავადებით იყო განსაზღვრული, რომელიც 15 ივნისი იყო განსაზღვრული, არ იყო საკმარისი. ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ ისინი წარადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას. საერთაშორისო-საფინანსო ინსიტიტუტებს თავისი პროცედურები აქვს. შესაბამისად, კონსორციუმიდან მივიღეთ წინა კვირას ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა 6 თვე და როგორც ამ შეხვედრაზე იყავით შეთანმხებულები, გავიზიარებდით იმ ვადას, რომელიც მოწოდებული იქნებოდა კონსორციუმის მხრიდან. მაგრამ იმედია, რომ აღარ დაგვჭირდება გადავადება. როგორც იცით პორტის მშენებლობის ვადაა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი. შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი გადავადება. ამაზე გვექნება კიდევ კონსორციუმთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ეხმარება კონსორციუმს, რომ შეასრულოს ვალდებულებები.

29 მაისის საღამოს, კომპანია "ეიპიემ ტერმინალი ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. მოგვიანებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. მისი განცხადებით, საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.