ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციაში ფულადი ჯილდო ისევ ირაკლი ჯიქიამ აიღო
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ფულადი ჯილდო და დანამატი ოთხ პირზე გაიცა. ერთ-ერთია გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია.

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ჯიქიამ ფულადი ჯილდო მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 7 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, თებერვალში მიიღო, 3120 ლარის ოდენობით.

მან ეს თანხა დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისთვის და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მიიღო. მეორე შემთხვევაში კი "შეფასების შედეგების გათვალისწინებით".

ირაკლი ჯიქიას გარდა, ფულადი ჯილდო - 2000 ლარი გაიცა ერთ არათანამდებობის პირზე.

ამას გარდა, ფულადი დანამატი მიიღო ორმა პირმა ორჯერ, თებერვალსა და მარტის თვეში. მათზე თითოეულ ჯერზე 400-400 ლარი გაიცა.

სულ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით, ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით 6720 გაიცა.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში თანამდებობის პირებს შორის დანამატი და ჯილდო მხოლოდ ირაკლი ჯიქიამ მიიღო შარშანაც და მიმდინარე წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში.