ახალი ამბები
რესურსცენტრს და ზუგდიდის პროკურატურას შორის შშმ პირებისთვის პარკინგის ადგილი გამოიყოფა
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და პროკურატურის შენობებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკინგის ადგილი გამოიყოფა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა. მისი თქმით, მომავალში ამ ადამიანებისთვის ფიქრობენ ქალაქის სხვა ტერიტორიებზეც საპარკინგე სივრცეების გამოყოფას.

ამ ადგილას შესაბამისი საგზაო ნიშანიც განთავსდება.

"ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ყველა საპარკინგე ადგილზე უნდა იყოს ამ ადამიანებისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილი. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ამ ადგილს იკავებენ შეუსაბამო ავტომანქანის მფლობელები", - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

ზუგდიდში, შშმ პირთა პარკინგზე მანქანების გაჩერების წინააღმდეგ აქცია დროდადრო იმართება. ურჩი, კანონდამრღვევი მძღოლების ავტომანქანებზე აკრავენ სტკირებს წარწერით - "იცოდე შენი ადგილი - რატომ მზღუდავ?"