ახალი ამბები
ვმუშაობთ წალენჯიხაში ელექტროენერგიის აღდგენაზე - ენერგო პრო
ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ავარიულადაა გამორთული სოფელ ნაკიფუს ნაწილი, ქიაჩელის ქუჩის და სალუკავოს უბნის ნაწილი. კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობა შესაბამისმა ბრიგადებმა დღეს დილიდან განაახლეს და ელექტროენერგიის მიწოდება ოჯახებს ცოტა ხანში აღუდგებათ.

"ნაწილს წუხელ მალევე აღუდგა შუქის მიწოდება. დარჩენილია აბონენტების ძალიან მცირე რაოდენობა", - გვითხრეს "ენერგო პრო ჯორჯიაში".

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წუხელ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაწილი დააზარალა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და ცენტრში მდებარე მრავალბინიანი კორპუსი.

წუხელვე წალანჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ცანავების სახლს მეხი დაეცა.