ახალი ამბები
სენაკელი მოსწავლეების გამოგონილი მეწყრის შეტყობინების სისტემა დაამონტაჟეს
მოწყობილობა, რომელიც მეწყერს პროგნოზირებს, მოზარდებმა სოფელ ფოცხოში დაამონტაჟეს. სენაკის მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა ეფექტურია და მისი ანალოგი არ არსებობს.

ფოცხოში, 4 ლოკაციაზე დამონტაჟებული სენსორული აპარატით, შეტყობინება გადაეცემა მთავარ სერვერს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე გეოლოგიური პროცესების მუდმივი კონტროლი და მეწყრის საშიშროების შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღება.

ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, სპეციალური მოწყობილობა ორი წლის წინ, სკოლის ლაბორატორიაში შექმნეს. ის მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში „გეოლოგიური საფრთხეები“ გაიმარჯვეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს ლაბორატორიაში გაემგზავრნენ.