ახალი ამბები
გაატარე ზაფხული საქართველოში - კამპანია ტურისტების მოსაზიდად
მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში კამპანია - "გაატარე ზაფხული საქართველოში" დაიწყეს. ფეისბუკზე შეიქმნა ჯგუფი, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაერთონ და ერთად იზრუნონ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე.

ინიციატორების თქმით, ამ ნაბიჯით ეხმიანებიან მიმდინარე მოვლენებს, რამაც შესაძლოა ტურისტების ნაკადი საქართველოს მიმართულებით შეამციროს.

"გვსურს მოგიწოდოთ, დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია - გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in GEORGIA. მისი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით - #Spendyoursummeringeorgia", - წერენ მოქალაქეები.

თბილისში 20 მაისის აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები არ შემწყდარა. 20 ივნისს, მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა და ერთ-ერთი მათგანის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე გამოსვლა გააპროტესტეს.

ჯგუფს, რომელიც 22 ივნისს შეიქმნა, უკვე 115 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც დებენ საქართველოში გატარებული დღეების ამსახველ ფოტოებს. ზოგიერთი წერს, რომ ჩამოსვლას გეგმავს ოჯახთან ერთად და ამით ბედნიერები არიან.

ამ მოვლენების შემდეგ, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით, 8 ივლისიდან დროებით ეკრძალებათ ფრენების განხორციელება.