ახალი ამბები
ლაივპრესის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის მოადგილედ ნუგზარ გაბელიას კანდიდატურაც განიხილება
ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე, "ლაივპრესის" ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, ნუგზარ გაბელიას კანდიდატურაც განიხილება. ჩვენივე ცნობით, საკითხზე იმსჯელეს დღეს მერიაში გამართულ თათბირზე.

ნუგზარ გაბელიამ გვითხრა, რომ ამ თემის შესახებ მერთან არ უსაუბრია დღეს, შეხვედრა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას შეეხებოდა. განიხილება თუ არა ვიცე მერის თანამდებობაზე, აღნიშნა, რომ მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია.

თავის მხრივ, მერი, გიორგი შენგელია ამბობს, რომ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, შეხვედრას კი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეც ესწრებოდა.

მერმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილის პოზიციაზე განიხილება ყველა ღირსეული ადამიანი.

"ამ შეკითხვებზე ძალიან მალე, უახლოეს დღეებში გვექნება საბოლოო პასუხი. ვფიქრობდით, რომ წინა კვირასაც ჩამოვყალიბდებოდით, მაგრამ კონსულტაციები გაგვიგრძელდა. ამ კვირის ბოლოს საბოლოოდ ვფიქრობ, რომ დავასახელებთ", - განმარტა გიორგი შენგელიამ.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, მერის მოადგილის თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც განიხილებიან.

გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო.

ზუგდიდის საკრებულომ 10 ივნისს ცნო გიორგი შენგელიას უფლებამოსილება.