ახალი ამბები
ლაშა გოგია და გია გულორდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც „ლაივპრესს“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. იმავე დღეს, იგივე ბრალდებით დააკავეს ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 ათას 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 ათს ხუთასი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 ათას ხუთასი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.