ახალი ამბები
გალელები ენგურის ხიდის ჩაკეტვის თარიღად 8 ივლისს ასახელებენ
ოკუპირებული გალის რაიონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა 8 ივლისს ჩაიკეტოს.

როგორც „ლაივპრესთან“ საუბარში გალელი რესპონდენტები ამბობენ, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია აქვთ, რომ ენგურის ხიდზე 8 ივლისიდან მიმოსვლა ორმხრივად აიკრძალება.

„ზუსტად არავინ იცის, მაგრამ აქ ასე ამბობენ, რომ აპირებენ ჩაკეტვას 8 ივლისიდანო. ასე ამბობენ, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოო. ჯერ ზუსტად არავინ არაფერი იცის. მე ვკითხე დღეს გამშვებ პუნქტთან აფხაზებს, მაგრამ არაფერი მიპასუხეს“, - გვითხრა გალში მცხოვრებმა ანჟელა ბასარიამ.

ანალოგიური ინფორმაცია აქვს „ლაივპრესის“ სხვა რესპონდენტებსაც. მათი მხრიდან ხიდის ჩაკეტვის შესაძლო თარიღად 8 ივლისი სახელდება. ეს რიცხვი ემთხვევა რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის აკრძალვის თარიღს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს, საქართველოში საპროტესტო აქციების ფონზე, ხელი მოაწერა ბრძანებულებას 8 ივლისიდან რუსეთის კომპანიებისათვის საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ. ხოლო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იმავე დღიდან შეწყდება საქართველოს ავიაკომპანიების რეისები რუსეთში.

უკავშირდება თუ არა მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას, ენგურის ხიდის 8 ივლისს შესაძლო ჩაკეტვა, გალელებმა არ იციან.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა. აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა სხდომაზე ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: „ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“.

დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი საჯაროდ გამოთქმული ამ განცხადების გამო.

ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ითხოვს ასევე, რომ რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

დღეის მდგომარეობით ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტი ჩევეულ რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეები, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია, საოკუპაციო ხაზს განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე კვეთენ.

ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლებას ენგურის ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში, 25 დღით ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჰქონდა ჩაკეტილი.

გალელები მაშინ ყვებოდნენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების ყიდვა გაცილებით მაღალ ფასად უწევდათ. გარდა ეკონომიკური ზიანისა, ხელი შეეშალათ სტუდენტებს და მოსწავლეებს რომლებიც განათლებას დანარჩენ საქართველოში იღებენ, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისის მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა.