ახალი ამბები
ენგურის ხიდი ჩაიკეტა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

ინფორმაცია"ლაივპრესს" გალში მცხოვრებმა რამდენიმე რესპონდეტმა დაუდასტურა. მათი ცნობით, დღის ბოლოს ე.წ. მესაზღვრეებმა მგზავრებს განუცხადეს, რომ ხიდზე მოძრაობა უკვე აიკრძალა. თუ რა მიზეზით, მათთვის არ განუმარტავთ.

გალელებისთვის ასევე უცნობია, რა ვადით არის მათთვის ჩაკეტილი აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მიმავალი ერთადერთი გზა.

"ღამე ცხრის ნახევარზე ჩაკეტეს. თქვეს, რომ ასეთი ბრძანება გვაქვსო. არავინ იცის როდის გაიხსნება", - გვითხრა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ხიდის ჩაკეტვას ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალები ამ თემაზე არ იციან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში.

"სამწუხაროდ, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩაიკეტა. არაფერი დამატებით არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით, გარდა გულისტკივილისა ამის გამო", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.

ენგურის ხიდის შესაძლო ჩაკეტვაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ "ლაივპრესთან" საუბარში რესპონდენტები. ფაქტს წინ უძღოდა დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა ე.წ. პრეზიდენტის მიმართ.

ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა. აფხაზური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა სხდომაზე ამ მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საქართველოს პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომლითაც თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: "ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ".

დიმიტრი დბარი ასევე ე.წ. გენერალურ პროკურატურას მიმართავს აკაკი ბობოხიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის მუხლით და სრული სიმკაცრით აგოს პასუხი საჯაროდ გამოთქმული ამ განცხადების გამო. ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ითხოვს ასევე, რომ რუსეთმა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს "ევროპული საქართველოს" წევრი.

ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლებას ენგურის ხიდი მიმდინარე წლის თებერვალში, 25 დღით ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით ჰქონდა ჩაკეტილი.

გალელები მაშინ ყვებოდნენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების ყიდვა გაცილებით მაღალ ფასად უწევდათ. გარდა ეკონომიკური ზიანისა, ხელი შეეშალათ სტუდენტებს და მოსწავლეებს რომლებიც განათლებას დანარჩენ საქართველოში იღებენ, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისის მისაღებად ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ საოკუპაციო ხაზის კვეთა.