ახალი ამბები
ენგურის ხიდზე გადაადგილება თანხის სანაცვლოდ თავისუფალია
მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხა. როგორც „ლაივპრესს“ ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა რესპონდენტებმა აცნობეს, ე.წ. საგუშაგოზე კონტროლის გავლა შესაძლებელია 5000 რუბლის (224 ლარის) სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს თან რუბლი არ აქვს, 300 ლარის გადახდას თხოვენ.

„აბიტურიენტების მშობლებმა თანხა გადაიხადეს, რადგან ბავშვები აუცილებლად უნდა გაეშვათ. ყველა, ვისაც თანხა აქვს, ზუგდიდში გადასვლა პრობლემა არ არის, მაგრამ ვის აქვს ამხელა თანხა? მე პირადად ველოდები როდის გააღებენ, მანამდე ვერ წავალ?“, - განაცხადა „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

იგივეს ადასტურებს ჩვენთან საუბარში კიდევ ორი გალელი რესპონდენტი. ისინი ამბობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს ორი მიზეზის გამო - ახალგაზრდებს აიძულოს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა და მეორე ფინანსური ინტერესებია:

„ფულს აკეთებენ ამ ჩაკეტვით მშვენივრად“, - გვითხრა გალელმა რესპონდენტმა.

ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, უკვე გადავიდა დანარჩენ საქართველოში, ამიტომ აქვთ მოლოდინი, რომ ენგურის ხიდზე შეზღუდვას დღეს თუ არა ხვალ მაინც მოხსნიან.

თავად დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის გახსნის თარიღს არ აკონკრეტებს.

ზუგდიდში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან ამ დროისთვის ექვსი აბიტურიენტი გადმოვიდა. როგორც "ლაივპრესს" ადგილობრივი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ უთხრა, 25-მდე ახალგაზრდას კი, სავარაუდოდ ამ დრომდე შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მუშაობენ სქემაზე, რათა აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები და სტუდენტები არ შეფერხდნენ და მათ შეძლონ დაუბრკოლებლად განათლების უფლებით სარგებლობა. მინისტრის მოადგილე ირინა აულაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, სთხოვა, შესაძლებლობის მიხედვით, სხვა გამოცდებში აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად არის ჩაკეტილი და ოფიციალურად ატარებენ მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა გააჩნია. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციებია, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხება.

მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.