ახალი ამბები
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ენმ-მ ზუგდიდში აქცია გამართა [ვიდეო]
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

„ვეუბნებით გახარიას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს. მე, ბატონო გახარია, ვიდექი 20 ივნისს და პირველი რამდენიმე გასროლის შემდეგ შოკში ვიყავი. მეგონა, რომ ფეიერვერკებს ისროდნენ. საქართველოს მოქალაქეებს დაუშინეთ ტყვიები, მოქალაქეებს რომლებიც თქვენ გიხდიან ხელფასს, მოქალაქეები, რომლებმაც თქვენ აგირჩიეს 2012 წელს. ზუსტად ეს მოქალაქეები დღეს გეუბნებით, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ“, - განაცხადა აქციის მონაწილე სალომე ფარცვანიამ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები ყოველდღე იმართება.

პროტესტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის დაშლისას სამართალამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.