ახალი ამბები
აბიტურიენტები აფხაზეთიდან ოკუპაციის პირისპირ
პირობითად დათო, გალში მცხოვრები აბიტურიენტია, რომელსაც ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა ხელის დაზიანებად, შიშად და კლასელების და მშობლების ნერვიულობად დაუჯდა. დღეს ის ზუგდიდშია და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით შეეცდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას. მართალია მავთულხლართებზე ნაღრძნობმა მაჯამ და ტკივილმა დისკომფორტი შეუქმნა ტესტირებისას, კონცეტრირებაც გაუჭირდა თავდაპირველად, თუმცა იმედი აქვს, რომ მძიმე წუთებს კარგი დასასრული ე ქნება - მალე სტუდენტი გახდება.

28 ივნისის დილით, ექვს მეგობართან ერთად ე.წ საზღვრის გადმოლახვა გადაწყვიტა. როგორმე ენგურს გამოღმა უნდა მოხვედრილიყვნენ. ჯერ, უკვე ყოფილმა თანაკლასელებმა გაარღვიეს ეკალბარდების და მავთულხლართების ბარიერი, მერე კი სამშვიდობოს გასულები დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, როგორ აღმოჩენილიყო ზუგდიდის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ. თუმცა მარტოს გაუჭირდა. ხეზე ავიდა და იქიდან აპირებდა წინაღობებს გადახტომოდა. ამ დროს ხეს ტოტი ჩამოუტყდა და ხელიც მავთულხლართს გამოსდო, დაიზიანა. ჭრილობიდან სისხლი რომ დაინახა, ერთი პირობა იფიქრა უკან გაბრუნება, მაგრამ უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მანძილი შორი იყო. ამიტომ კვლავ წინ სიარული არჩია.

"ძლივს გადმოვედი. ხელის დაზიანების გარდა, სხეულზე დაბეჟილობები მაქვს. აქეთ ჩემი კლასელები დამხვდნენ. ქართველი ჯარისკაცებიც მეძახდნენ, არავინ არ არის, გადმოდიო. ჭრილობა ადგილზე დამიმუშავეს. გამოიძასეს სასწრაფო. რვა ძაფი დამადეს. წამლებიც გამომიწერეს", - უყვება დათო "ლაივპრესს".

ამბობს - რომ გადმოვიდნენ კარგია, თუმცა რადგან სხვა მეგობრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებოდნენ, ეს აღელვებდათ. იქ, სადაც ერთმანეთს დაშორდნენ, განერვიულებული მშობლებიც დატოვეს. ახალგაზრდის თქმით, გადმოსულები დაუკავშირდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომლებმაც დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს დარჩენილთაგან უმეტესობის ზუგდიდში გადმოყვანას.

მავთულხლართზე დასერილი ხელის ფოტო, რომელიც "ლაივპრესს" აბიტურიენტმა მიაწოდა

უნდოდა სწავლა სოხუმის უნივერსიტეტში განეგრძო, მაგრამ რუსული და აფხაზური ენების ბარიერის გამო გამო თბილისი არჩია.

"მეორეც, თუ არ გყავს აფხაზი ვინმე, და ფული არ გაქვს, იქ სწავლა არის რთული. იმაზეც აქვთ გართულება, რომ ქართველი ვარ. ჩვენს სოფელში არის ბევრი მაგალითი, რომ იცოდნენ რუსული, აფხაზი ნათესავებიც ჰყავდათ, მაინც გვარის და ქართველობის გამო არ მიიღეს თანატოლებმა. იყო დისკრიმინაცია, ბულინგი. ასეთ ვითარებაში, სადაც დისკომფორტულად არ ვიგრძნობ თავს, სწავლა და გაჩერება ძნელია", - ამბობს აბიტურიენტი.

დათომ ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდა უკვე ჩააბარა. წინ უნარებია. სოციოლოგიურზე აბარებს და ჩამონათვალშიც პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს მითითებული.

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ 185 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან 11-ის გარდა გადმოსვლა ყველამ შეძლო. დანარჩენებმა გადმოსვლა სხვადასხვა მიზეზით გადაიფიქრეს.

სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით 28 ივნისს ცალმხრივად ჩაიკეტა. მოქალაქეების ნაწილმა, მათ შორის აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა თანხის სანაცვლოდ მოახერხეს.

"ლაივპრესის" გალელი რესპონდენტების ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ხიდზე შეზღუდვები მიზანმიმართულად დაამთხვია ეროვნულ გამოცდებს ორი მიზეზის გამო - ახალგაზრდებს აიძულოს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა. მეორე ფინანსური ინტერესებია.