ახალი ამბები
სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას და მისი მოადგილის მიმართ, სერგო თეთრაძის საქმეზე ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალაია დამნაშავედ ცნეს წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

ბაჩანა ახალაიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებაც.

ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი მისი ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში. მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, თუმცა ეს დრო ამნისტიის აქტით 4 წლამდე შემცირდა. დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით კი ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოს ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ "ჯაშუშვითომ გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. "ჯაშუშური" ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. "ჯაშუშობაში მხილებული", თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში "ჯაშუშობის" ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა - 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ "ჯაშუშებზე" ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრათ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.