ახალი ამბები
ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის პროექტირებაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მესამედ გამოაცხადა ტენდერი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ორანჟერეის და ჯვარედინა სასახლის პროექტირებაზე. ამ ორი ობიექტის გარდა, ტენდერი მოიცავს ძველი წყლის სისტემისა და გადასასვლელი ხიდის სარეკონსტრუქიო-საკონსერვაციოდ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასაც. ეს ობიექტები სატენდერო დოკუმენტაციას ხელმეორედ გამოცხადებისას დაემატა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 75 ათასი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ თავდაპირველად ტენდერი მათ თავად შეწყვიტეს, მეორედ გამოცხადებისას კი ორი ობიექტი დაამატეს.

"მეორეჯერ გამოცხადებულ ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ამიტომ გამოვაცხადეთ მესამედ", - გვითხრეს ფონდში.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სამუშაოები შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.