ახალი ამბები
ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნება
სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნება. ცესკოს ინფორმაციით, ეს სკოლები თბილისსა და კიდევ 25 მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

სასწავლო კურსს 18-24 წლის პირები გაივლიან. პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა.

სკოლები 15 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნება. სასწავლო პროგრამა ათ დღეს გრძელდება.

ზუგდიდში პირველად საარჩევნო სკოლა 2016 წელს გაიხსნა. ცესკომ პროგრამა პირველად 2015 წელს განახორციელა. მაშინ სიახლე 10 საარჩევნო ოლქს შეეხო.