ახალი ამბები
საპატიო ზუგდიდელის წოდებას, წელს 4 მოქალაქეს მიანიჭებენ
ზუგდიდში 4 მოქალაქეს, საპატიო ზუგდიდელის წოდებას მიანიჭებენ. მერიაში აცხადებენ, რომ კანდიდატების ვინაობას დაჯილდოებამდე არ გაასაჯაროვებენ. არ ამბობენ, იმასაც თუ რამდენი კანდიდატი იყო წარდგენილი ამ წოდებაზე.

„ლაივპრესისთვის“ ცნობილია, რომ საპატიო ზუგდიდელის წოდებაზე 4 კანდიდატურა სპორტის მუზეუმმა წარადგინა.

მუზეუმის დირექტორის როლანდ მაქაცარიას განცხადებით, საპატიო ზუგდიდელის წოდებაზე წარდგენილია ყოფილი ფეხბურთელის და მწვრთნელის, ავთანდილ დანელიას, ყოფილი ფეხბურთელების ვლადიმერ თუთბერიძის, ზაურ ბულიას, ასევე კიკბოქსიორ დავით ქირიას კანდიდატურები.

საპატიო ზუგდიდელის წოდებაზე ასევე, წარდგენილია მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ კუპრეიშვილი, ის განათლების რესურსცენტრმა დაასახელა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის მიხედვით, წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მერიის, საკრებულოს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

საპატიო ზუგდიდელის კანდიდატურების ვინაობას არც კომისიის წევრები ასახელებენ.

„ჯერ ვერ გავასაჯაროვებთ, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ 4 საპატიო ზუგდიდელს გამოვავლენთ“, - გვითხრა კომისიის ერთ-ერთი წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ეკა კიფაიამ.

კომისიის კიდევ ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსუდან პაჭკორია ამბობს, რომ კომისიამ გუშინ გამართულ სხდომაზე განიხილა საპატიო ზუგდიდელის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები და გამოავლინა 4.

„ეს არ არის რაიმე სახის შეღავათების დაწესება მათთვის, ეს არის მადლობის გადახდა ადამიანებისთვის, ქალაქისთვის გაკეთებული საქმეების გამო“, - გვითხრა რუსუდან პაჭკორიამ.

მერიის მიერ მოწოდებულ კომისიის წევრთა სიაში ფრაქცია „ევროპული აქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიაც წერია, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გვითხრა, რომ მას კომისიაში მუშაობაზე თანხმობა ჯერ არ მიუცია.

„დამიკავშირდნენ, თუმცა არ მიმიცია თანხმობა და შესაბამისად, არ მიმიღია მონაწილეობა კომისიის მუშაობაში. ზოგადად, საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭებაზე განსხვავებული ხედვა მაქვს. წოდებას აქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსები. არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ეს წოდება სჭირდება ზუგდიდს, ამის ფონზე, ჩემი კომისიაში მუშაობა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

საპატიო ზუგდიდელის წოდებას დადიანების ეზოში, ზუგდიდში, „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე მიანიჭებენ.

საპატიოს წოდების მინიჭება პირველად ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2016 წელს მოხდა, როცა „ზუგდიდობაზე“ საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფ თამაზ მოსიას, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელ თამაზ უბილავას და „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომელ ზაირა-თამარ სალიას.

2016 წელს, ირაკლი გოგოხიას მერობის დროს შექმნილმა კომისიამ საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭებაზე უარი უთხრა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს. მართალია, ეს ინფორმაცია კომისიის არცერთმა წევრმა არ დაადასტურა, მაგრამ „ლაივპრესს“ ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც „საპატიო ზუგდიდელებს“ შორის მღვდლის, ზაქარია მაჩიტაძის კანდიდატურა წამოაყენეს, მეუფე გერასიმემ შეუთვალა კომისიას, რომ დაუყოვნებლივ მოეხსნა მაჩიტაძის კანდიდატურა და ის წარედგინათ წოდებაზე. საბოლოოდ კომისიამ არცერთ მათგანს ეს წოდება არ მიანიჭა.

2017 წელს, საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭათ ასევე ექიმ ალა გრიდასოვას, მსახიობ ზემფირა გუნიას და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს.