ახალი ამბები
ქართველი და რუსი მორაგბეების შეხვედრა ჩაიშალა
საქართველოს და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი აღარ გაიმართება. მიზეზად რუსეთის რაგბის ფედერაცია თბილისში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და სპორტსმენთა უსაფრთხოებას ასახელებს. დღეს რუსეთის ნაკრები ახალ მოწინააღმდეგეს ეძებს, რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპისთვის.

ფედერაციისვე განცხადებით, ორი ქვეყნის მორაგბეები ერთმანეთს პატივს სცემენ და კარგი ურთიერთობებიც აქვთ. ამასთან, შეინარჩუნებენ ასეთივე დამოკიდებულებას ფედერაციებიც, რადგან ახლო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

წერს გამოცემა "ტასი".

საქართველოს და რუსეთის შეხვედრა აგვისტოში უნდა გამართულიყო.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ფრენები რუსეთიდან საქართველოში 8 ივლისიდან აიკრძალა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა უსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში ჩამოსვლა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად. გავრილოვმა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.