ახალი ამბები
სოფელ ურთაში სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლუდუკ ქირიას ნაკვეთზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას სხვადასხვა სახის ქვისაგან დამზადებული შრომის უძველესი იარაღები აღმოაჩინეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროს ლაშა ჯიქიას განმარტებით, აღმოჩენილი არტეფაქტები, მართალია ზედაპირულადაა შეგროვებული, მაგრამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მეტყველი ნეოლითური არტეფაქტების კოლექცის წარმოადგენს. მისი სიტყვებით, ის შედგება კაჟისა და რიყის ქვისგან დამზადებული იარაღებისგან (კაჟის ისრის პირები, საფხეკები, ქვის შრომის იარაღები და სხვ.). მასალის ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ურთის ნამოსახლარი მიეკუთვნება გვიანი ნეოლითის ხანით - ძვ. წ. VII ათასწლეულის ტიპის ძეგლებს.

ცნობისთვის, ამ პერიოდის ძეგლია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში 1936 წელს აღმოჩენილი ე. წ. „ოდიშის ნამოსახლარი“, რომელიც კავკასიის პირველი ნეოლითური ძეგლია.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ძეგლის შემდგომი საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით, განცხადებით მიმართეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.