ახალი ამბები
დეპუტატის ინიციატივაა, ღვთისმშობლის მოზაიკური ხატი მოედნის ნაცვლად ეკლესიასთან დადგან [ვიდეო]
ზუგდიდის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია გამოვიდა ინიციატივით, ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა არა ქალაქის მთავარ მოედანზე, არამედ რომელიმე ეკლესიის სიახლოვეს დაიდგას.

შესაბამისი განცხადება დეპუტატმა სხდომაზე დღეს გააკეთა. სანდრო სორდიას განცხადებით, ასეთი ტიპის მონუმენტები უნდა დაიდგას არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არამედ რელიგიურ საკულტო ნაგებობებთან. მისივე თქმით, ქალაქის შემოსასვლელში ის მიესალმება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლბის დადგმას. სანდრო სორდია ამბობს, რომ ეს პირადად მისი ინიციატივაა და არა გუნდის. დეპუტატის მოსაზრებას დაეთანხმა უმრავლესობის წევრი თამარ ჯიქიაც.

საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე დაიწყება მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრები.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის საფარველის მოზაიკური ფრესკის დადგმა სურთ. ინიციატივა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ეკუთვნის. ამაზე საუბარი ორი თვის წინ დაიწყო და ამდრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საჯაროდ უარყოფითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ფრესკის დადგმის ადგილი ეპარქიის წარმომადგენლებმა ივნისში მერთან ერთად დაათვალიერეს.