ახალი ამბები
პროექტების დაგეგმვისას სოფლებს ნაკლები ყურადღება ექცევა - საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სოფელ კახათის და აბასთუმნის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მანანა მებონიამ და ედიტა კოდუამ განაცხადეს, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას სოფლების საჭიროებებს ნაკლები ყურადღება ეთმობა.

„ქალაქში ახალი, ინოვაციური პროექტები ხორციელდება, რაც შეეხება წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემის აღდგენას, ვიცით რამდენი იხარჯება, მაგრამ ამის საჭიროება სოფლებსაც აქვს“, - განაცხადა ედიტა კოდუამ.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ მაჟორიტარებს სურვილი აქვთ თავიანთ სოფლებში მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს, მისივე თქმით, გამოსავალი მწირი ფინანსების პრიორიტეტულად გადანაწილებაშია.

„წელს დიდი ყურადღება დაეთმო ქალაქს და მის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ძალიან მოუწესრიგებელი იყო საკანალიზაციო სისტემა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სოფლები დარჩეს ზრუნვის მიღმა. ჩვენ აქ ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, მაგრამ ჩვენი ფინანსური რესურსები საკმაოდ შეზღუდულია, აქედან გამომდინარე უნდა ჩამოვყალიბდეთ პრიორიტეტებზე და დავგეგმოთ მინიმუმ 3 წლიანი გეგმა ინფრასტრუქტრული განვითარების“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მაჟორიტარებმა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლზეც ისაუბრეს.

„მაქვს პრეტენზიები სანიაღვრე არხის მოწმენდასთან დაკავშირებით კეთილმოწყობას არ ერთი ტრაქტორი ჰყავს რომელიც 48 სოფელს ვერ წვდება, მაგრამ თუ საჭიროა შეიძინონ ტექნიკა. თუ არ გაიწმინდება, ან ახალი არ გაკეთდება, გზების გაკეთებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც ჩამოირეცხება წვიმიან ამინდში“, - თქვა ედიტა კოდუამ.