ახალი ამბები
გალში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გალში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ. ოთარ ბარქაიას, რომელსაც ე.წ. პროკურატურა 2011 წელს გალის რაიონის სოფელ გაგიდაში წინასწარ განზრახვით 4 ადამიანის მკვლელობას ედავებოდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„2011 წლის 19 მარტს, ოთარ ბარქაიამ, რომელიც უკანონოდ შენახული „კალაშნიკოვის“ ავტომატით იყო შეიარაღებული, ბოროტი განზრახვით მოტივირებულმა თითქოსდა მიზეზად გამოიყენა სუფრასთან მცირე დაპირისპირება და მოკლა თენგიზ მებონია, დავით და ვაჟა კვარაცხელიები და სულიკო პლიევა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ე.წ. სასამართლოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ე.წ. პროკურატურაში განმარტავენ, ბარქაია შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და 2019 წლამდე რუსეთში იმალებოდა, სადაც სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის დააკავეს.