ახალი ამბები
უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ციხელაშვილი
უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს,- ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ 17-18 აგვისტოს გატაცებული რვა მოქალაქის შესახებ საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ყველა მექანიზმი ჩართულია რომ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება მოხდეს დაუყოვნებლივ. რამდენჯერმეა უკვე ცხელი ხაზი ამოქმედებული, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ამ ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება ის პასუხი, რომელიც მათ გათავისუფლებას უკავშირდება. შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ გუშინ ადგილზე დაკავებულთა ოჯახებთან“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები იმ ვითარების ფონზე, რომელიც დღეს არის შექმნილი, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.