ახალი ამბები
აფხაზეთის კაპელა და ელისო ბოლქვაძე სამშვიდობო გზავნილით ზუგდიდში კონცერტს გამართავენ
ზუგდიდში ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძის და აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას ერთობლივი კონცერტი გაიმართება. მერიამ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 680 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში გათვალისწინებულია სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურება, მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავება და კვებითი (ვახშმის მოწყობა რესტორანში) მომსახურება.

ოფიციალური ინფორმაციით, კონცერტი ეპისკოპოს „გერასიმეს ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პატრონაჟით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით“ 8 სექტემბერს, დადიანების სასახლის ეზოში ჩატარდება. ღონისძიება ეძღვნება აფხაზეთს და მშვიდობიანი დიალოგის აუცილებლობას, დევიზით - „მუსიკა აერთიანებს“.