ახალი ამბები
აკაკი ხოშტარიას სახლის იერსახის დამახინჯების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
აბაშის სოფელ სუჯუნაში, აკაკი ხოშტარიას სახლის იერ-სახის დამახინჯების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც განცხადების ავტორი, ისე სხვა პირები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოებას გულისხმობს შესაბამისი ნებართვის გარეშე, რამაც მისი დაზიანება, ან განადგურება გამოიწვია.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში ევროპული არქიტექტურის ძეგლი დგას, აკაკი ხოშტარიას მიერ 1915 წელს აშენებული სასახლე. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძეგლზე წლების წინ გარკვეული სამუშაოები თვითნებურად ჩატარდა, რის შესახებაც სამართალდამცველებს ეცნობა. თუმცა დღეს აქ რაიმე სახის სამუშაოები არ მიმდინარეობს.

სახლი ეპარქიამ აუქციონის წესით ათი წლის წინ შეიძინა. აქ ამბობენ, რომ იგეგმება ძეგლის რეკონსტრუქცია სააგენტოსთან შეთანხმებით.