ახალი ამბები
მულახში აქციის მონაწილეებმა მესტია-უშგულის საავტომობილო გზა გადაკეტეს
ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის სოფელ მულახში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით. შეკრებილებს ორ საათზე მეტია გადაკეტილი აქვთ მესტია-უშგულის საავტომობილო გზა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შორენა გულედანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ პირველ რიგში ისინი გამართულ გზებს ითხოვენ. მისი თქმით, მკაცრი ზამთრის პირობებში ისინი ფაქტობრივად მოწყვეტილები არიან ცენტრს. თავად სოფელ ჟაბეჟში ცხოვრობს. ამიტომ, ხშირად ასეთ პირობებში მესტიამდე, სადამდეც 12 კილომეტრია, ჩასვლას მთელი დღე უნდება.

"ეს გზები ისეთი ვიწროა ჩვენთან, თოვლის დროს იხერგება და მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მერია ერთხელაც არ კისრულობს იმას, რომ ტრაქტორი ბოლომდე ამოვიდეს. ექვს კილომეტრზე ამოდიან მხოლოდ და სხვა სოფლები მოწყვეტილები ვართ", - გვითხრა აქციის მონაწილემ.

მისივე თქმით, სოფელ ჟაბეშში ჩამოსასვლელად საბაგირო გზა უნდა მოეწყოს, რაც პროგრამულადაცაა გათვალისწინებული, თუმცა დღემდე არ გაკეთებულა. არც პასუხი იციან, როდის იზრუნებს ამაზე სახელმწიფო.

შორენა გულედანი ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნაა ასევე მულახის განაშენიანების გეგმის განხორციელება. აქციის მონაწილის განმარტებით, მათთან ბევრი, მრავალსაუკუნოვანი კოშკი ისედაც დანგრეულია, მაჩუბები დაზიანებულია და იშლება, ამიტომ საკითხი აქტუალურია.

"ფოტოების გადაღებაში მაგრები არიან. გადაუღებენ ფოტოს გაზაფხულზე და საქმე არ კეთდება. ეს ყველაფერი კი ამასობაში ინგრევა", - განმარტა მან.

ამას გარდა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზებიც.

შეკრებილების მიერ გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ისინი გახსნას მანამ არ აპირებენ, სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ კითხვებზე. ასევე არ ჩამოვა ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. გზის ჩაკეტვის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩება და საცობია შექმნილი.

მულახის თემში მერის წარმომადგენელმა სოსო ზურებიანმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ გენგეგმა უკვე მზად არის, მას საბოლოოდ ხელი მოეწერება, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება. თუ როდის, ინფორმაცია არ აქვს.

აქციის მონაწილეებს შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები და მესტიის მერი.