ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში სარემონტო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სასწავლო პროცესს 16 სექტემბერს დაიწყებს. უთხრა "ლაივპრესს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ. მისი თქმით, ერთადერთი, მესამე საჯარო სკოლის პირველი-მეექვსე კლასი მეხუთე, მეშვიდე-მეთორმეტე კლასი კი სწავლას მეთორმეტე საჯარო სკოლაში განაგრძობს.

კახაბერ ფარცვანიას თქმით, მესამე სკოლაში დღეს სრულდება ტენდერი, სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა კი ექვსი თვეა.

"სადაც სარემონტო სამუშაოებია, მშენებლები გვპირდებიან, რომ დაასრულებენ ყველაფერს კვირა საღამომდე. ვნახოთ. ჩვენ მობილიზებულები ვართ მაქსიმალურად, რომ დავასუფთაოთ და ორშაბათს სუფთად შევხვდეთ", - განმარტა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მესამე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისთვის ზუგდიდის მერიამ 862396 ლარი გამოყო. პირველი ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ შპს "გილანს" დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან კომპანიამ ხარჯთააღრიცხვის დოკუმენტი შეცდომით წარმოადგინა. რაც შეეხება შპს "რეკონსტრუქცია 21-ს", მას სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ვადა დღეს, დღის ბოლომდე აქვს.