ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე თორმეტ ლიდერს ეძებს
ანაკლიაში, საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 12 ლიდერს ეძებს ყველა სფეროში. მისი თქმით, ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია, და არა ხაზარაძის ან ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით და შედეგზე ორიენტირებული. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, თუმცა პირიქით იმოქმედებენ, რათა ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ამ "მენტალური ჭაობიდან".

"მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში. ეს პროცესი დაწყებულია - 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს", - განმარტა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, რაც მისი აზრით ეს დამთხვევაა, რადგან დღეს 12 სექტემბერია. თუმცა, ეს თარიღი, აღნიშნა, რომ ამის გამო არ შეურჩევიათ მოძრაობის დაფუძნების დღედ - "მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ".

ხაზარაძის თქმით, მათი ანგარიშები დაყადაღებულია, მაგრამ ცარიელი ხელებით, გულით, შემართებით, მეგობრების გვერდში დგომით ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და გაიმარჯვებენ.

ანაკლიაში დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დაფუძნების ღონისძიება გაიმართა. სანაპიროზე გამოტანილ ბანერზე, სადაც მამუკა ხაზარაძემ დიდი ასოებით წააწერა მოძრაობის სახელწოდება, შეკრებილებმა საკუთარი ხელმოწერები დატოვეს.