ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
დასრულდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის დასრულების და ახალი, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობაზე.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ - შპს "მაქრო ქონსთრაქშენმა" მიიღო. მან ცხრა მილიონ 900 ათასი ლარი შესთავაზა ფონდს სამუშაოების შესასრულებლად, თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონ 548 ათას 180 ლარის ნაცვლად.

შემდეგი ეტაპი წარმოდგენილი წინადადების შეფასებაა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს.

დაგეგმილია მთავარ სტადიონზე ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ტრიბუნების გადახურვა, მოედნის განათების მოწყობა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, აქ 1200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. იქნება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები. დამონტაჟდება მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, განათება. ამასთან, განხორციელდება შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო და სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. მთავარი სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი.