ახალი ამბები
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი ძებნილია - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი 2009 წლიდან ძებნილია.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ აქტი, სადაც ეწერა, რომ ესა და ეს პატიმარი გაათავისუფლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს პატიმარი ჩვენს სისტემაში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, წინა ხელისუფლების პირობებშიც კი არ ყოფილა იმიტომ, რომ 2009 წლიდან არის ძებნილი, ეს ფაქტი უბრალოდ იმას ადასტურებს, რომ არავითარი კონტაქტი, სამწუხაროდ, მარიამობის შეწყალებაზე, ორ სისტემას შორის არ ყოფილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულკიანმა.

იუსტიციის მინისტრის სიტყვებითვე, პენიტენციარული სისტემა და მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვერ ჩაანაცვლებენ.

„პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებებით, მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულაც არ არის რაიმე კომპლექსური, ან ძნელი სამუშაო. საჭიროა ამისთვის, რომ თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს ამ პროცესს სათავეში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები. ფაქტმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. 18 სექტემბერს კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.