ახალი ამბები
ანაკლიაში მიწის ნაკვეთი, ნაგებობასთან ერთად 1 ლარად იყიდება
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ანაკლიაში, 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მიწის შესყიდვის შემდეგ სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.