ახალი ამბები
სექსუალური ნიშნით შევიწროებაზე უმეტესად საჯარო სექტორში დასაქმებულები ჩივიან
ომბუდსმენმა შარშან სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციაზე სულ 159 განცხადება მიიღო. მათგან მხოლოდ 49 იყო კერძო სექტორიდან, დანარჩენი კი საჯარო სექტორში დასაქმებულებს ეკუთვნოდათ. განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დიანა დავითაძემ ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი სწორედ სექსუალურ შევიწროებას, ამ კუთხით ახლადმიღებულ კანონმდებლობას შეეხო.

მისი თქმით, ამ განცხადებების უმეტესობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა.

პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, განმარტა - განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ცვლილებები, რაც საკანონმდებლო ორგანომ სექსუალური შევიწროების მიმართულებით დაამტკიცა.

"გვინდა, რომ ეს კანონი გავაცნოთ მოსახლეობას, რომ მხოლოდ კანონად არ დარჩეს, გავიაზროთ ცნობიერების დონეზე. კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე ქალი ნაწილობრივ მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, რაც თავისთავად მიგვანიშნებს პრობლემის აქტუალურობაზე. საკითხის სწორი ფორმით მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განმარტა პარლამენტარმა.

საინფორმაციო შეხვედრას წარმომადგენლები შსს-დან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დაესწრნენ.

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონო პარლამენტმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო. სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

კანონის მიხედვით, დანაშაული გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ან გამასწორებელი სამუშაოების შესრულება მოუწევს ერთ თვემდე ვადით.

ჯარიმა გაიზრდება მაშინაც, თუ ქმედებას დამამძიმებელი გარემოებები ექნება, როგორიცაა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორსულის მიმართ, შშმ პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროება. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 500-დან 800 ლარამდე განისაზღვრება. განმეორების დროს 800-დან 1000 ლარამდე.