ახალი ამბები
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა
სოხუმის დაცემის დღიდან 26 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.

27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, როდესაც ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

აფხაზეთში 27 სექტემბერს ქართველებისგან სოხუმის "გათავისუფლებას" აღნიშნავენ.