ახალი ამბები
ქალზე ძალადობა დანაშაულია - თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, ზუგდიდის ბულვარში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩატარდა. „არა ნიშნავს არას“, „ნუ მათვალიერებ“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“, „ნუ გაჩუმდები“ „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირთ ხელში შეკრებილებს.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თამთა თოდაძეს და ძალოვანი უწყებებისგან საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს. აქციას არასამთავრობო სექტორთან ერთად შეუერთდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ განაცხადა, დღეს ხდება ქალთა მიმართ ძალადობის წაყრუება. მისი სიტყვებით, ეს არ არის მარტო თამთა თოდაძის პრობლემა და რეალურად საქართველოში სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა ყოველი მეხუთე ქალი.

„ამის წაყრუება იმის გამო, რომ ვიღაც რაღაც პარტიის წევრია და ვიღაც რაღაც თანამდებობაზეა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები არ არის დაცული“, - განაცხადა მან.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმღვანელი ცაბუნია ვართაგავა აცხადებს, რომ რამდენიმე მიზეზმა გამოიყვანა დღეს ქუჩაში გასაპროტესტებლად. პირველი ეს არის სისტემა, რომელიც ძალადობის მსხვერპლს არ განიხილავს მსხვერპლად, მეორე, ეს არის თამთა თოდაძის და ძალადობის მსხვერპლი, „უსამართლობის პირისპირ“ მდგარი ყველა ქალის მხარდაჭერა. ამასთან ცაბუნია ვართაგავა აცხადებს, რომ აპროტესტებს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებასაც, როცა ცდილობენ მომხდარში მსხვერპლის დადანაშაულებას.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ძალადობის ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ სამაგალითოდ უნდა დასაჯოს მოძალადეები.

ცნობისთვის, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება ერთი კვირაა რაც დაიწყო, თუმცა ქალს დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს მინიჭებული. ქალთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ პროკურატურა საქმეს განზრახ აჭიანურებს, რადგან საქმე ეხება მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.

54 წლის ილია ჯიშკარიანი, თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია. ის ამჟამად ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოსპიტალში იმყოფება. მედიასთან კომენტარი ამდრომდე არ გაუკეთებია.