ახალი ამბები
პარლამენტში „უმწიკვლო სამსახურისთვის“ ჯილდო დაწესდება
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით "საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის" დააჯილდოებენ. ეს ჯილდო დაემატება უკვე არსებულს - საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს.

ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში შედის, რომლის ავტორები არიან - გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

"გამოცდილების მქონე კადრისთვის მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი და საამაყოა. შესაბამისად, კანონმდებლობაში დაჯილდოების კიდევ ერთი შესაძლებლობის გაჩენის მიზანია, თანამშრომელთა დამსახურების ხაზგასმა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა", - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, ამგვარი ტრადიციისა და ერთგვარი ინსტიტუციური მეხსიერების დანერგვა პარლამენტის აპარატს სტაბილური განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.