ახალი ამბები
ხობის ტურისტულ პოტენციალზე წიგნი გამოიცემა
ხობის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე სამენოვანი, საცნობარო-ტურისტული წიგნი და რუკა-ბუკლეტი დაიბეჭდება. ტენდერი ადგილობრივმა მერიამ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტს დიდი რესურსი აქვს განსაკუთრებით კულტურული, ეკო, აგრო და გეო ტურიზმის განსავითარებლად.

მასალის გამოცემა კი, აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეუწყობს ხობის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციას, ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის ხობის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

წიგნი 2 ათასი ტირაჟით უნდა გამოიცეს, რუკა-ბუკლეტი კი 3 ათასი ცალი დაიბეჭდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 500 ლარია.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე სამასამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია დაფიქსირებული. მათგან ორ მესამედზე მეტი არქეოლოგიური ტიპისაა. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ურთის მთის კალთებზე კი ბევრი მღვიმე და გამოქვაბულია. აქვე მდებარეობს კარსტული ტბები პაპანწყვირე და ნაზმახუ. ეს ნაწილი იმ ყველაფრის, რისი ნახვაც ტურისტს ხობში შეუძლია.

პროექტი ხელშეკრულების დადებიდან ოცი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.