ახალი ამბები
მუზეუმის თანამშრომლები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნოემბრიდან გაიფიცებიან [ვიდეო]
დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მოთხოვნები ხელფასების გაზრდის შესახებ. ისინი მუზეუმის ეზოში დღესაც შეიკრიბნენ და განმარტეს, რომ მთავრობას ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიფიცებიან.

მათი თქმით, მოთხოვნებს უკვე განცხადების ფორმა მისცეს, რომელსაც ხელს 34 თანამშრომელი აწერს. სულ მუზეუმში 38 მუშაობს, თუმცა აღნიშნეს, რომ დანარჩენები შვებულებაში არიან. ეს განცხადება უკვე გადაეგზავნა განათლების და კულტურის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატს და მუზეუმის დირექციას ადგილზე.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, მათ თავდაპირველ პროტესტს პარლამენტარი გამოეხმაურა, რაც მისასალმებელია. ასევე კულტურის სამინისტრო, რომლის განცხადებასაც არ იზიარებენ. ამბობენ, რომ რაც ინფრასტრუქტურულად კეთდება, ამ ყველაფერს ხედავენ, თუმცა ეს შრომის ანაზღაურებაზე არ აისახება.

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია 11 ოქტომბერს გამართეს. მათ მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, გაითვალისწინონ 2020 წლის ბიუჯეტში მათთვის მიზერული ანაზღაურების გაზრდა. კონკრეტული პასუხის მისაღებად მათ ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცეს, რომელიც უკვე ამოიწურა.

განათლების და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, რათა მომავალში მუზეუმს მეტი შემოსავალი ჰქონდეს და ეს თანამშრომელთა ანაზღაურებაზეც აისახოს.