ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ. მათ გუბერნატორს მიაწოდეს ინფორმაცია მოთხოვნების შესახებ. პასუხად გუბერნატორმა ერთი კვირა სთხოვა საკითხის საფუძვლიანად შესასწავლად, რასაც დათანხმდნენ.

"ველოდებით, თუ რა პასუხს გვეტყვის ერთ კვირაში. მას მოგიმატებთ ხელფასს, ამის პირობას გაძლევთ, არ უთქვამს. თბილად მიგვიღო. ყველას მოგვისმინა. ვხედავთ, რომ ამ თემით არის დაინტერესებული", - განმარტა ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ.

მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო ჩივიან. მათ ორჯერ უკვე გამართეს საპროტესტო, გამაფრთხილებელი შეკრება. გაუგზავნეს შესაბამისი განცხადებას ქვეყნის პრემიერს, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე მუზეუმის დირექციას ადგილზე, რომელსაც ხელს 34 თანამშრომელი აწერს.

მანამდე მათ ზეპირი მიმართვა 11 ოქტომბერს გაავრცელეს, რომელსაც კულტურის სმინისტრო გამოეხმაურა. უწყებაში ადასტურებენ, რომ დადიანების მუზეუმში ანაზღაურება არ არის მაღალი, თუმცა დასძინეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.

მუზეუმის თანამშრომლები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირველი ნოემბრიდან გაფიცვას გეგმავენ.