ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები აღარ გაიფიცებიან
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა გაფიცვა გადაიფიქრეს. დღეს მათ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც ადგილზე გააცნეს პრობლემები და დახმარების პირობაც მიიღეს.

მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ნანა აბულაძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ისეთი შთაბეჭდილებით დაშორდნენ, ფიქრობს "ყინული დაიძრა".

კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანმა მათ უთხრა, რომ პრემიერისგან მიიღეს დავალება და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება აისახოს.

"გვითხრეს, რომ მთავრობამ უნდა მოიძიოს დამატებითი სახსრები. იმედიანად დავშორდით. მთავარი ის არის, რომ პრობლემა პრემიერის და კულტურის სამინისტროს წინაშე დგას და საკითხზე მუშაობენ. ეს იყო მთავარი და ეს გაკეთდა. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ რაღაც, სხვა გზასაც ვიტოვებთ და მგონი საჭირო არ იქნებაო", - აცხადებს ნანა აბულაძე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, პირველი ნოემბრიდან დაანონსებული გაფიცვა აღარ იქნება, რადგან მუზეუმის თანამშრომლები შეთანხმდნენ, ხელისუფლებას მისცენ ვადა პრობლემის მოსაგვარებლად.

შეხვედრას კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა დაესწრნენ.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მყოფ პრემიერ-მინისტრს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა შეხვდა, რომელმაც მთავრობის მეთაურს დახმარება სთხოვა. მაშინ გიორგი გახარია დაჰპირდა, რომ თხოვნაზე რეაგირება იქნებოდა.

მუზეუმმა კულტურის სამინისტროსგან წერილი 24 ოქტომბერს მიიღო. მასში საუბარი გარდა იმისა, რომ მუშაობდნენ საკითხზე, შეეხებოდა დაფიანსების კერძო სექტორისგან მიღების საჭიროებაზე და დამატებითი შემოსავლების გაჩენის აუცილებლობაზე, რაც საბოლოოდ ხელფასების ზრდაზე უნდა ასახულიყო.

მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ხელფასების გამო ჩივიან. ისინი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირველი დღეიდან გაფიცვით იმუქრებოდნენ.