ახალი ამბები
მერიის სარჩელის განხილვაზე შპს „აკვაპარკის“ იურისტმა მოსამართლის აცილება მოითხოვა
ზუგდიდის სასამართლომ დაიწყო ადგილობრივი მერიის სარჩელის განხილვა შპს "აკვაპარკის" წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს, შეუსრულებული ვალდებულებების მიზეზით. სარჩელს არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და მას უსაფუძვლოს, აბსურდს უწოდებს.

დღევანდელ პროცესზე შპს "აკვაპარკის" იურისტმა ნანა ფირცხელავამ მოსამართლე ირაკლი აბშილავას აცილება დააყენა შუამდგომლობად და მას შემდეგი სიტყვებით მიმართა - ძალიან გთხოვთ ბატონო ირაკლი, დატოვოთ დარბაზი და შემოვიდეს სხვა, ნეიტრალური მოსამართლე.

მისი განმარტებით, ირაკლი აბშილავა უკვე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში, იცის მოსამართლის მოსაზრებები კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, რასაც თავის დროზეც არ დაეთანხმნენ და შეფასებები არასწორად მიიჩნიეს. ამიტომ ფიქრობს, მიმდინარე საქმეზეც გადაწყვეტილებას წინას მსგავსად, მერიის სასარგებლოდ გამოიტანს.

კერძოდ, ნანა ფირცხელავა ამბობს, რომ ირაკლი აბშილავამ 2018 წელს განიხილა მისი კერძო სარჩელი, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტაციას შეეხებოდა. იურისტის მტკიცებით, სწორედ ამ მასალების საფუძველზე ადგილობრივი ხელისუფლება, შპს "აკვაპარკის" 100%-იანი წილის მფლობელ მანანა მიქავასთვის ქონების "მიტაცებას" ცდილობდა. მანვე განმარტა, რომ ნაცვლად იმისა, ირაკლი აბშილავას ეს დოკუმენტები ობიექტურად შეეფასებინა, საპირისპიროდ მოიქცა და სხვა მოსამართლის, ლაურა მიქავას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რითაც დაფარა მისი "დანაშაულებრივი ქმედება".

"ან ის დატოვებს სამოსამართლეო ტახტს, ან არ ვიცი რას გავაკეთებ. სამართალი უნდა აღდგეს", - უთხრა ნანა ფირცხელავამ "ლაივპრესს".

მერიის წარმომადგენელი ლაშა ტორუა არ დაეთანხმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობას. თქვა, რომ ირაკლი აბშილავას არ უმსჯელია პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, ამიტომ მას აქვს უფლება, გაუძღვეს საქმეს.

თავის მხრივ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი მისი აცილების. ირაკლი აბშილავას განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე არ უმსჯელია, რადგან ეს არც ყოფილა დავის საგანი და სარჩელის ეს ნაწილი შესაბამისად თავის დროზე განუხილველი დარჩა.

ამას გარდა, შპს "აკვაპარკის" იურისტმა 14 მოთხოვნა დააყენა შუამდგომლობის სახით სასამართლოს წინაშე. მათ შორის იმ დოკუმენტების წარმოდგენა, თუ რის საფუძველზე მიმართა სასამართლოს მერიამ, რომელიც აღნიშნა - წინა მერიის სამართალმემკვიდრეც არ არის. შესაბამისად, არც უფლებამოსილია იდავოს მათ წინააღმდეგედ.

"აკვაპარკის" წარმომადგენელმა მანანა მიქავამ გვითხრა, რომ ხელისუფლების მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე აბსურდია. მისი თქმით, ადრე სასამართლო მიკერძოებული იყო, დღეს კი წინასწარ ვერაფერს იტყვის, პროცესების მიმდინარეობას დააკვირდება.

მომდევნო სხდომა ირაკლი აბშილავამ 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ არაერთხელ გამართა აქცია, რითაც გააპროტესტა მერიის სარჩელი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 4 მილიონამდე ლარის დაკისრებაზე.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა და ის წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა.