ახალი ამბები
ყინულის სახლის გადატანას ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდება
ზუგდიდის ყინულის სახლის დემონტაჟი და ე.წ. კომკავშირის პარკში მისი გადატანის პროცესი მიმდინარე თვეს დაიწყება. საამისოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი გამოიყო. საკითხზე დღეს იმსჯელეს საკრებულოს სხდომაზე. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, შესაძლოა წლის ბოლომდე მისი გადატანა სრულად ვერ მოესწროს, თუმცა სამუშაოები აუცილებლად დაიწყება.

ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო კომპანია მ2-მა იყიდა. აქ სასტუმრო უნდა აშენდეს.

„ჩვენ ვალდებულებაში გვქონდა, რომ ყინულის სახლი გადაგვეტანა“, - თქვა მამუკა წოწერიამ.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი იყო, რომელიც ადგილობრივი შემოსავლებით მილიონ 650 ათასი ლარით გაიზარდა. აქედან მილიონ 500 ათასი ქონების გადასახადიდან მიღებული თანხაა, 50 ათასი შემოსავლების დეპოზიტებისგან, 100 ათასი კი, საჯარიმო სანქციებიდან მიღებული მოსაკრებელია.

ცნობისთვის, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.

მოქალაქეთა ნაწილის და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის იდეას არ ეთანხმებოდა მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაიაც. ის ამბობდა, რომ სასტუმროს მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ისტორიულ სასახლეებს.

უფრო ადრე მერიაში გვითხრეს, რომ სკეიტ პარკის ტერიტორიას პერსპექტიული რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.