ახალი ამბები
აკაკი ზოიძემ პარლამენტი დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" წერს. განმარტავს - იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკა მისთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად - ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ფიქრობს, ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ნაკლებ სავარაუდოა. შესაბამისად, საკუთარ ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ხედავს.

აკაკი ზოიძის თქმით, ცუდია, რომ დიდი სურვილის და ძალისხმევის მიუხედავად, რიგი ბარიერების გამო, ვერ შეძლეს ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გატარება, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ამბობს, რომ რჩება ერთგული იმ ფასეულობების, რომლის გამოც "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. პარლამენტარი აცხადებს, რომ მზად არის გვერდში დაუდგეს ყოფილ თანაგუნდელებს ნებისმიერ სასიკეთო საქმეში, განსაკუთებით კი ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომელშიც როგორც ექსპერტს, მომავალშიც შეეძლება საკუთარი წვლილის შეტანა.

"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ პრაგმატული პოლიტიკის გონებით მესმის, მაგრამ გულით არა. ხოლო უგულოდ არცერთი საქმის კეთება კარგად არ გამოსდის ადამიანს, მათ შორის პოლიტიკის. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური პრიცესი მკვეთრად პოლარიზებულია, რაშიც ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, ისევე როგორც მტკიცედ მჯერა, რომ ამავე შედეგს მოგვიტანდა ამ თემაზე რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარება, რაშიც ასევე ვერ შევძელი ჩემი თანაგუნდელების დარწმუნება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თოთოეულ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვისთანაც ერთად ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა: ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასეულობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში", - წერს აკაკი ზოიძე.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ არ დაუჭირა მხარი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, უმრავლესობა რვა დეპუტატმა დატოვა.