ახალი ამბები
ყოფილი მერის ძმა და ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი შესაძლოა პარლამენტარები გახდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები შესაძლოა ზუგდიდის ყოფილი მერის, ირაკლი გოგოხიას ძმა, პაატა გოგოხია და ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია გახდნენ. ცვლილება უმრავლესობის ყოფილი წევრების, სოფიო ქაცარავას და აკაკი ზოიძის გადაწყვეტილებას უკავშირდება, "ოცნების" და პარლამენტის დატოვების შესახებ.

კერძოდ, სოფიო ქაცარავას ადგილმონაცვლე პარტიული სიის მიხედვით ბენედიქტე ქაშაკაშვილია. თუკი ის უარს იტყვის დეპუტატის მანდატზე, რასაც ჯერჯერობით აცხადებს, მაშინ მომდევნო, "ოცნების" პროპორციული სიით პაატა გოგოხიაა.

ამ შემთხვევაში აკაკი ზოიძეს სიით 54-ე ნომერი, ჯუმბერ იზორია შეცვლის.

თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დათანხმდება პარლამენტში შესვლას, ზოიძეს შემცვლელი პაატა გოგოხია იქნება.

აკაკი ზოიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის. ამბობს, რომ საკუთარ ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ხედავს.

რაც შეეხება სოფიო ქაცარავას, მან უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა კიდევ რამდენიმე დეპუტატთან ერთად, 14 ნოემბერს დატოვა. მიზეზად დასახელდა საკანონმდებლო ორგანოს უარი, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე.