ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი საპროტესტო აქციის შემდეგ [ფოტო]
ჩამსხვრეული შუშები, დაყრილი პლასთმასის კასრები, ცოცხები, კვერცხები და რკინის ყავარჯნები, - ასე გამოიყურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გამართეს.

მმართველი პარტიის მხარდამჭერებს, რომელთა შორის იყვნენ ზუგდიდის მერიის ააიპ-ების თანამშრომლებიც, ხელში ეჭირათ ბანერები: "აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში", "ზუგდიდი შეუერთდება დემიშიზაციას", "კასრების დრო ვერ დაბრუნდება". შეკრებილები სკანდირებენ - "არა მიშას" და ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.

ენმ-ის წევრები თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ შენობაში და ვერ ახერხებდნენ გარეთ გამოსვლას, რადგან შეკრებილები აგრესიულად იყვნენ განწყობილი მათ მიმართ.

ისმოდა საბჭოთა კავშირში ცნობილი მუსიკების ჰანგები, რომელიც თავისმხრივ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მოასმენინეს აქციის მონაწილეებს. გარდა ამისა ენმ-ის ოფისიდან აქტივისტებმა შეკრებილების მისამართით გადმოყარეს ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით საპროტესტო პლაკატები.

მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა კვერცხები, კასრები, ბოთლები და ყავარჯნები ესროლეს ოფისის ფასადს, რამდენიმე ადგილას ჩაიმსხვა შუშა. ნასროლი ყავარჯენი მოხვდა ერთ-ერთ პოლიციელს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართლდამცავებს აქციაზე დაზიანება არ მიუღიათ.

დღეს დილიდან აანონსებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ მათ ოფისთან იგეგმებოდა იგივე სცენარის განმეორება რაც მოხდა ქუთაისში. სამართალდამცავები კი საპროტესტო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში მოვიდნენ ოპოზიციური პარტიის ოფისთან.

„ლაივპრესს“ ჯერ კიდევ დილით უთხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ, რომ მოსალოდნელი აქციის შესახებ შეატყობინა პოლიციას და მათ უსაფრთხოების ზომების დაცვა სთხოვა.

მომხდარის შემდეგ კი მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელებმა დღეს არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და "ნასვამ ადამიანებთან" პირისპირ მარტო დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა შეკრებილებს მისცეს შესაძლებლობა, ზუგდიდის და სამეგრელოს, ასევე სხვა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მერიის ააიპ-ების თანამშრომლებს, ნასვამ მდგომარეობაში მოსულიყვნენ და დაერბიათ მათი ოფისი. ის პასუხისმგებლლობას პრემიერ მინისტრს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

შინაგან საქმეთა სამეთა სამინისტრომ ენმ-ის ოფისში შუშების ჩამსხვრევის ფაქტზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით დაიწყო.