ახალი ამბები
ლაივპრესმა განათლების და სპორტის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა "ლაივპრესს" და სპორტის და განათლების სამინისტროს შორის, მედიაგამოცემის სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენს ინტერესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საქმე ეხება ინტერნეტგამოცემის მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, რომელიც სამინისტრომ გაასაიდუმლოა და გაცემაზე უარი გვითხრა. მიზეზად განმარტა, რომ "წერილი პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, უწყება კი მოკლებულია შესაძლებლობას, დაამუშაოს სხვისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია", საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

კერძოდ, ვითხოვდით სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გაგზავნილი წერილის ასლს, ზუგდიდელი კარატიტების, საბა მანიას, ვალიკო ფონიავას და ილია გაბრავას დაფინანსებასთან დაკავშირებით, შარშან, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ამ შეჯიბრზე რამდენიმე სპორტსმენმა დაფინანსება ვერ მიიღო და შესაბამისად, ვერც გამგზავრება მოახერხა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, დააკმაყოფილა ადმინისტრაციული სარჩელი. ქმედების დავალდებულების მოთხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა 2018 წლის 6 დეკემბერის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა", - აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეებზე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამინისტრომ გაასაჩივროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.