ახალი ამბები
დადიანების ეზოში ქვატახტის კომპოზიციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის მთავარ შესასვლელთან, ისტორიული, 600 წლოვანი ცაცხვის ხის ძირას სამართლის ძეგლის - "ქვატახტის" კომპოზიციის მოწყობის ესკიზის და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს კომპოზიციის მოწყობასთან (ტრიადა - ქვის ფილა, მარმარილოს ტახტი და ცაცხვის ხე) ერთად, აბრის გაკეთებას, დამცავი ზონის შექმნას და მის კეთილმოწყობას, ძეგლთან მისასვლელი ბილიკის მოწყობას, მინათების მოწყობას, შშმ პირთათვის ადაპტირებას.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1500 ლარია.

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში.

"ქვატახტის" შესახებ კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდელმა ისტორისკოსმა შარშან მაისში გამართა.

უძველეს ხესთან ქვა-ტახტის დადგმის იდეა ციცო შენგელაიას ეკუთვნის. მკვლევარის ვერსიით, ქვა, რომელიც მე-17 საუკუნიდან ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს, ე.წ "ქვა ტახტს" წარმოადგენდა, იდგა დადიანების სასახლის ეზოში, ცაცხვის ხის ქვეშ, სადაც ხორციელდებოდა მართლმსაჯულება. ამ ინიციატივით, მან ადგილობრვ ხელისუფლებას 2017 წელს მიმართა.