ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში სკამი და ნიჩაბი დააზიანეს
ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში, ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი დააზიანეს.

„ბაღში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, თუმცა შეუძლებელია, რომ ყველა სკამთან, ან მცენარესთან კამერა დააყენო. ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუმცა დასანანია, რომ ასე ხდება“, - უთხრა „ლაივპრესს“ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ.

განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო. პირველ თებერვლამდე ბაღში შესვლა უფასო იქნება.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

ბოტანიკურ ბაღს ოფიციალურად იანვარში გახსნიან.